სკაიპით დატირებული მამა
ზუსტად ორი დღე იყო რაც ჩემებს აღარ დაურეკიათ, აღარც ირაკლის ღუ, ღუ, მესმოდა სკაიპში. ჩუმად დუმდა ჩემი კომპიუტერი და უჩვეულოდ მეჩვენებოდა. ჩემი ძმა მწვანედ არ ენთო სკაიპში, აღარც ჩემი ბიძაშვილები. ტელეფონზეც არავინ მპასუხობდა. გული აშკარად ცუდს მიგრძნობდა. არადა სულ ორი თვე იყო რაც იტალიაში ვიყავი და ბედს არ ვუჩიოდი, ყველაფერი კარგად იყო ჩემსკენ.

- ტამუში, ტამუში დიმტლატიტა, სათამაშო.
მამა მოფერებით ასე მეძახდა ხოლმე.
- ყველაფერი მაგრადაა მა! მიყვარხარ!
წავიდა ისე რომ ვერ გამოვემშვიდობე და ვერ დავიტირე ადამიანურად. მისი გაციებული სხეულიც ვერ ვნახე, ვერ მოვეფერე, ვერ დავუკოცნე უსინათლო თვალები. ოხ, ღმერთო ჩემო როგორ მიყვარდა. მისი გულისთვის სიცოცხლეს გავიღებდი. როგორც თვითონ ამბობდა ძალიან ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და ამიტომ ყველგან მე დავატარებდი. რეპეტიციები რომ ჰქონდა ველოდებოდი და ხან ჩუმად სკამზე ჩამძინებია. ბოლოს როდესაც ცხოვრება ძალიან აირია, თბილისში რესტორან "პაპა ნიკალაში" მღეროდა და ბოლომდე იბრძოდა რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. ხოდა მეც ვიჯექი და ველოდებოდი ხოლმე. ფეხით დავდიოდით ჩაბნელებულ თბილისის ქუჩებში და რამდენჯერ გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინზე ფეხით ავსულვართ. არასდროს, არაფრის მეშინოდა მასთან ერთად.
სკაიპში გია ნათლიამ დამირეკა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, მამას ორმოცის შემდეგ ისიც დაიღუპა. განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთად მღეროდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ და იქაც ერთად წავიდნენ.
მამიიიიი...... რატომ დამტოვე მარტო ჩემო საყვარელო მამი? ვბღაოდი სკაიპში და სამძიმარზე მყოფ ყველა ადამიანს ვატირებდი.
ხომ მპირდებოდი რომ დიდხანს იცოცხლებდი და კარგად იქნებოდი. კაი რა მამი, რატომ დაარღვიე ჩვენი პირობა? თვალები ვიღას უნდა დავუკოცნო მამი, ჰა?
არ მჯერ უშენობა არა! გემუდარები ნუ წახვალ რა! ხომ იცი რომ მაგრად მიყვარხარ! მუხლებზე დამხობილი, კომპიუტერს ჩახუტებული ვტიროდი და ალბათ მთელ ფლორენციას ესმოდა ჩემი განწირული ხმა.
იმ დღიდან მთელი 40 დღე თეიმურაზ წიკლაურის სევდიან სიმღერებს ვუსმენდი და სულ ვტიროდი. მისი ხმა ძალიან ჰგავს მამას ხმას.