ძვირფასო დღიურო ვაგრძელებ წერას

ყოველთვის მეგონა რომ დიდი მხარ-ბეჭი ჰქონდა, არადა ამას სიყვარული მაჩვენებდა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მე რომ ნამეტანი გაჭიმულს მევლო მასზე მაღალი ვჩანდი, თუ ქუსლებზე ჩავიცმევდი აშკარად ჩანდა სიმაღლეში სხვაობა. მინგრეული ცხვირი ჰქონდა, საშინელი დასანახი, ორჯერ ნაოპერაციები და მახსოვს სულ ხრუტუნებდა ხოლმე. სამაგიეროდ თვალები ჰქონდა, ჰოი საოცრებავ, ისეთი რომ ყველაფერს დაგავიწყებდა, ღია მწვანე ცისფერში რომ გადადიოდა და დიდი ქუთუთოები, მოფერებას რომ მოგანდომებდა.

ძალიან განათლებული, კულტურული და საკმაოდ აზრზე მოსული ახალგარზდა კაცი, რომელიც სულ მუშაობდა, სულ. სახლში წასვლა არ უყვარდა, სამსახური იყო მისთვის სახლიც, კარ-მიდამოც. საინტერესო, კარგი გვარისშვილი და საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება.

- ბატონოო, გისმენთ....

- გამარჯობა!

- გამარჯობა!

- ჩაგერიცხათ თანხა ანგარიშზე?

- როგორ, უკაცრავად?

- მე, "......" ვარ, დასუფთავების სამსახურიდან და მაინტერესებს აიღეთ ხელფასი?

- აჰ, გამარჯობა, როგორ ხართ? კი, კი, ძალიან დიდი მადლობა.

- ჰო, ძალიან კარგი. ესეგი, უნდა ავღნიშნოთ. ამ საღამოს რას აკეთებთ?

- იცით, ამ საღამოს ძალიან დაკავებული ვარ. ახალგაზრდა მხატვარი - მედეა ბეჟუაშვილის გამოფენის ორგანიზატორი ვარ და ვერ დავტოვებ.

- გამოფენა სად არის?

- უნივერსიტეტის პირველი კორპუსის საგამოფენო დარბაზში.

- კარგით მაშინ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.

- თქვენც ასევე. კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისთვის. ბედნიერად.

ჩამერიცხა ძლივს, როგორც იქნა. ზუსტად ორი კვირა მაწვალა, წინ და უკან მატარა, ხან რა მოიმიზეზა, ხან რა, პირადობის ასლი, სტუდენტის ბარათი, საქართველოს ბანკის ამონაწერი და რავი, უამრავი სისულელე.

როგორც ყოველთვის, დავფუსფუსებ ჩემს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, ლამაზი ჭრელი კაბით.

თბილი ნოემბერი იდგა თბილისში და არც ისე ეტყობოდა ქალაქს შემოდგომის სუსხი. მიყვარს ნოემბერი, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემი თვეა, მისი თვეც არის, ერთ დღეს გვქონდა დაბადების დღე. კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ვგიჟდები ფერებზე, წითელი, ყვითელი, მწვანე, ერთმანეში არეული, გაცრეცილი ფოთლები, ჯერ კიდევ ცისფერი ცა და მზის სხივები.

რომელიღაც ტელევიზიას ინტერვიუს ვაძლევდი და უცებ ვიგრძენი მამაკაცის მზერა, ორი ნაცნობი თვალი. მოვიხედე და დავინახე ის.

- უი, აქ რას აკეთებთ?

- გამოფენაზე ვარ.

- მაგას მეც ვხედავ. :)

გავაცანი მხატვარი მედეა, ვისაუბრეთ ხელოვნებაზე, კულტურაზე და ამასობაში დარბაზის დაკეტვის დროც მოვიდა. უნივერსიტეტის დაცვამ ამოგვაკითხა და გვკითხა თუ როდის ვაპირებდით დახურვას. გამოფენა მეორე დღესაც გრძელდებოდა, ამიტომ ლამაზად გამოვიხურეთ კარი და წამოვედით. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს და უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის მეტრომდე სულ ფეხით ჩავდიდოდი ხოლმე. აბა ისე რა სტუდენტი ხარ თუკი მელიქიშვილის გამზირს ფეხით არ ჩაივლი და გულში არ ჩაიღიღინებ: " მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა."

ხოდა იმ საღამოთიც ასე ვაპირებდი, მანქანით მეტრომდე ჩაყვანა რომ არ შემოეთავაზებინა. უხერხული იყო უარის თმა.

დაიძრა შავი"ნისან" მაქსიმა და ისე ჩაუქროლა რუსთაველის მეტროს, ისე დაარტა წრე თავისუფლების მოედანს, რომ მე ლაპარაკში გართულმა ძლივს შევამჩნიე.

- უი, მე აქ უნდა ჩამოვსულიყავი. უკვე მეორე წრეზე რომ ვიყავით რუსთაველი მერტოსთან მაშინ ამოვთქვი.

- იცი, ძაან მშია და მაგარი გამიხარდება თუკი კომპანიას გამიწევ. ხომ იცი მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოა.

ისე შემახუჭუჭა და დამითანხმა პაემანზე რომ აზრზე ვერ მოვედი. იქვე პეროვსკაიაზე მანქანა გააჩერა და ყველაზე თანამედროვე უცხოური სტილით მოწყობილ რესტორანში შევედით. ლამაზად უკრავდა "ვიოლინოს' ახალგაზრდა ქალი, იქიდან გამოსვლა აღარ მოგინდებოდა. ძალიან რომანტიული, ულამაზესი გარემო. მე სულ მოწესრიგებული, გამოპრანჭული დავდიოდი ხოლმე, საკმაოდ ელეგანტური სტილი მქონდა და სულ პირველსაპაემანო. :))))

იმდენად დაბნეული ვიყავი, როდესაც მკითხა რას მიირთმევო, მე მთელი დღის მშიერმა, დავიმორცხვე და ვუთხარი ნაყინი. არასდროს არ მოიქცეთ ასე. როდესაც მიდიხართ სავახშმოდ აუცილებლად ისიამოვნეთ გემრიელი კერძებით და შემდეგ დესერტით. მე სულელმა, ნამეტანი ვიგოიმე, ეგრევე დესერტით დავიწყე. თვითონ კი შეუკვეთა და რა არ შეუკვეთა, შემწვარ-ჩახრაკულები, პირველი, მეორე და ჭამა და რა ჭამა, სულ ნერწვები მადენინა. მე კიდევ ვიჯექი და ვწუწნიდი ნაყინით სავსე ჩაის კოვზს. ძალიან სასაცილო მომენტი იყო. :)))

სხვას ვისაც რეგულარულად ვხვდებოდი, იმ პერიოდში, მასთან ერთად ყველაფერს ვუკვეთავდი, გემრიელად მივირთმევდი და ვილხენდი. ამასთან კი აშკარად რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მერიდებოდა, მრცხვენოდა ან უბრალოდ ვიპრანჭებოდი.

ვიოლინო კი კვნესოდა და ჩვენს საუბარს ფონად ედებოდა.

GET IN TOUCH WITH US

Social Icons