ევროპა ჩვენთანაა.

1. მოდით გულახდილად ვისაუბროთ. როგორია ემიგრანტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო? ისევ ისეთი, როგორიც წლების წინ დატოვა. დღევანდელი საქართველო არის "კრიშების," ქვეყანა, სადაც თუ კარგი სანაცნობო ან სამეგობრო წრე არ გყავს, ვერაფერს გახდები, ან ბოდიშით და ვიღაც წარმატებული სახის "გელფრენდი" უნდა იყო. არავის აინტერესებს შენი განათლება, ცოდნა, დიპლომები, სერთიფიკატები, ენების ცოდნა, აქტიურობა, სიყოჩაღე, ენერგია. ვიღაც გყავს მაგარი ტიპი ხარ, არავინ გყავს, დაკარგული ხარ. საქართველო ახალგაზრდებისთვის არაა, ესაა ქვეყანა სადაც ჯერ კიდევ ჭრის ზარი ახლობელთან, სადაც ჩაწყობით იკავებენ საჯარო სამსახურებს და სადაც, თუ ცოტათი მაინც განსახვავებული აზრი გაქვს, ეგრევე გბოლკავენ, ან მთელი ცხოვრება უფროსს საფერფლეს გამოუცვლი. სწორედ ასეთი შეხედულებების გამოა რომ ქვეყანა ვერ ვითარდება და ერთ ადგილას ვაბუქსავებთ.

დიდი განუკითხაობაა, როდესაც ვიღაცას აქვს თვეში 10 000 ხელფასი, ვიღაცა კი 200, 300 ლარზე არჩენს ოჯახს. არ მითხრათ ახლა, ის ვიღაც, თავის საქმეში ვარსკვლავებს წყვიტავსო. ისეთ მშიერ და გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ადამიანებმა, ამხელა ხელფასი არ უნდა მიიღონ და უნდა სრცხვენოდეთ, იმის რომ იქვე კუთხეში, მის გვერდით მცხოვრებ კორპუსში ბევრი მშიერია. ჩვენი, ხალხის ბრალიცაა, რადგან ბევრს ვითმენთ და მაგარი ამტანები ვართ. არადა როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდემდე?

2. 8 წელი გამიხდება რაც ემიგრაციაში ვარ, აქედან 4 წელი ევროპაში, დანარჩენ ოთხს ამერიკაში ვატარებ. დღე არ გავა რომ სამშობლოზე არ ვიფიქრო. ბევრჯერ მითქვამს აქ, მხოლოდ ჩემი ცარიელი სხეულია, სულით და გულით სამშობლოში ვარ, მისი ჭირ-ვარამში ჩაფლული. არ არსებობს რაიმე რომ ჩემს მახვილ თვალს გამოეპაროს, ყველა პოლიტიკურ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ მოვლენას ვაკვირდები და ჩემს დასკვნებს ვაკეთებ. თქვენ ვერ წარმოდიგენთ, როგორი გულით მინდა დაბრუნება და მანდ ცხოვრება. ჩემი შვილი 9 წლის ხდება და უკვე 8 ჯერ შეხვდება დაბადების დღეს დედის გარეშე. ვფიქრობ დაბრუნებაზე, მაგრამ თან ფეხები მიკანკალებს, მეშინია, რადგან ვიცი, ჩემნაირ ტიპებს მანდ დაჩაგრავენ. წლებია ვიხვეწები, ჩემი ცოდნის, შესაძლებლობებისა და ენერგიის შესაფერისი სამსახური გამოჩნდეს და ხვალვე მანდ ვიქნებითქო, მაგრამ ყურებს არავინ იბერტყავს, ან ვინ შეიბარტყავს რომ? არავის ადარდებ. ყველა თავის თავზე ფიქრობს. მე კი ძალიან თავისუფალი შეხედულებების, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, რომელიც შეიძლება შეეკამათოს უფროსს ბევრ რამეში, საქმის მიმართ გააჩნდეს საკუთარი აზრი, დამოკიდებულება. ქვეყანა-საქართველოში კი სხვების ჭკუაზე უნდა იარო. და მაინც, მენატრება იქაურობა, უაზროდ, უზომოდ მენატრება. კიდევ ისიც მაკავებს, როდესაც თავად ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ მანდ დაბურნება, ამ ეტაპზე არ ღირს. მოკლედ, ასე ორად გაყოფილი ვარ და ვერც აქ აქაურობას ველევი, ვერც მანდაურობა მანებებს თავს. "ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, სიზმარშიც ამას ვბუტბუტებ."

3. განცდა ასეთია, ყველაგან და ყველაფერში შენსას ხედავ, შედარებებს აკეთებ, ყველაფერი შენი გგონია. მე გურჯაანი რაიონის სოფელი ვაჩნაძიანიდან ვარ, სადაც სოფლის ბოლოში მდინარე ალაზანი მოედინება და მისის ლამაზი ჭალებია. ამას წინათ, კონექტიკუტის შტატში ვიყავი, მდინარე "Housatonic"-ზე და იქაურობას სულ ალაზნის ჭალებს ვადარებდი. "ლაივ" ვიდეო გავაკეთე, ფეისბუქზე და ვამბობდი, აი ნახეთ ჩემი ალაზნის ჭალებს როგორ ჰყავს აქაურობათქო. ეს გრძნობები: ნოსტალგია, მონატრება, მარტოობა, სულის ტკივილია და ანადგურებს ყველა ემიგრანტის გონებას, გულს. ხშირად ღამე მიტევს ხოლმე ნოსტალგია, როდესაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები. დღის განმავლობაში ხალხში ვტრიალებ და ამდენს არ ვფიქრობ, ღამე კი ყველაფერი ერთნაირად მაწვება და სუნთქვა მიჭირს ხოლმე. განსაკუთრებით საშინელბაა, როდესაც ემიგრაციაში სულმთმად მარტო ხარ, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარეშე. წარმოუდგენელია შეეგუო ამ სიცარიელეს, რომელიც შენს გარეშე ტრიალებს.

4. ყველაზე მეტად ვნატრობ, რომ საქართველო მწარმოებელი ქვეყანა გახდეს, ხალხი დასაქმდეს, ფული გაჩნდეს, ჩვენი პროდუქტი მსოლფიო ბაზარზე გავიდეს, გავაკონტროლოთ ოკუპირებული ტერიტორიები და ყველა ემიგრანტი დედა საკუთარ შვილთან ერთად იყოს. სწორედ ქვეყნის არასწორი ეკონომიკის ბრალია, რომ შვილები მშობლების გარეშე იზრდებიან. დედას შვილები ენატრებათ, შვილებს კი დედები. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს და მტკივა. თან მე მარტო არა ვარ, ჩემს მდგომარეობაშია ნახევარი ემიგრაციაა. ოხ, როგორ მინდა რომ ყველაფერი მაგრად იყოს.

5. ზევითაც ვთქვი, ნოსტალგია კლავს, ხრავს და სულს მუდმივად მღელვარებაში ამყოფებს. ვერ ხვდები, არ იცი რა გინდა? აქ კარგია, რადგან ფულს შოულობ, ოჯახს ეხმარები, შვილს ყველა სურვილს უსრულებ, მაგრამ ის რაოდენ რთულია, როცა თავად შენ მხოლოდ ფულის საშოვნელი მანქანა ხდები და ზარალდები. ოღონდ სამშობლოში ნორმალური სამსახური მომცა და რაღა მომკლავს, ესაა ყველა ემიგრანტის ფიქრი.

6. არაფერია ადვილი სამყაროში. ყველაფერი დიდი შრომითა და ბრძოლით მოიპოვება. რთულია როცა უცხო კულტურის ნაწილი ცდილობ სხვა, განსახვავებულ კულტურაში თავის დამკვიდრებას, როდესაც რადიკალურად განსხვავდება კულტურის ელემენტები. ევროპაში უფრო ადვილი იყო ადაპტაცია, რადგან ევროპელები უფრო გახსნილები, მეგობრულები არიან, ხოლო აქ, ამეიკაში შენთვის არავის სცალია, აქ სულ სხვა სისტემაა. ეს კულტურა ეგებულია მუშაობაზე. მუშაობა და მუშაობა, ხალხი 24 საათი, კვირაში 7 დღე შრომობს, კი არ დადიან დაფრინავენ და შესაბამისად ამ კულტურაში რომ თავი დაიმკვიდრო უნდა იყო "ჰარდ-ვორქერი". მერე გზა და გზა მეგობრებიც ჩნდებიან, ერთნაირი ინტერესებიდან გამომდინარე. სიმართლე გითხრათ, მე დიდი ხანია "კოსმოპოლიტი" ვარ, ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მოქალაქედ აღიქვამს თავს და მადლობა უფალს, რომ ყველაზე მაგრად რაც გამომდის ადამიანებთან ურთიერთობებია.

7. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია #ვიზალიბერალიზაცია, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველი ახალგაზრდები ცოტახნით მაინც უნდა გავიდნენ ქვეყნიდან. თავიაანთი თვალით ნახონ ევროპა, კარგი და ცუდიც. თვალები გაახილონ და გაიფართოვონ წარმოსახვა სამყაროზე.

რა არის ევროპა? ჩემთვის ევროპა ყველა ის მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომელის შეძენისას ადამიანი პიროვნებად ყალიბდება და ცხოვრებას სწავლობს.

ევროპა არის სიცოცხლე, ხმაური, ჩქეფარება. თუკი საქართველოში სამუშაო საათი დილის 9 ან 10 საათზე იწყება, ევროპაში ცხოვრების მაჯის ცემა, დილის 6 საათზეა.

ევროპა თავისუფლებაა, სადაც თავად წყვეტ, რა გინდა ცხობვრებისგან, ვინ გინდა გამოხვიდე, როგორ წარმართო შენი ცხოვრება და არც მშობლები, არც სანათესაო, სამეგობრო და სამეზობლო ერევა შენს გადაწყვეტილებებში.

ევროპა არის საკუთარი ბიუჯეტის მართვა, გაკონტროლება, კარგი მენეჯმენტის ცოდნა, დამოუკიდებელი ცხოვრება, საყვარელი საქმის კეთება. თავად პიროვნების ბრძოლა კერძო დოვლათის მოხვეჭეაზე.

ამაზე ხომ ჩვენი დიდი წინაპრები ოცნებობდნენ. ვფიქრობ, ეს ამბავი ყველაზე მეტად დიდ არისტოკტარ სულხან-საბა ორბელიანს და გენიოსს ვაჟა-ფშაველას გაუხარდებოდა, რომლის შემოქმედებაში ყველაზე მატად ვხედავთ თავისუფლების სიყვარულს.

ევროპა არის ყველა ის ლიბერალური ფასეულობა, რომლსაც ბედნიერებისკენ მივყევართ.

წავალთ, წამოვალთ როცა გაგვიხარდება და ეს ემიგრანტებს, რომლებიც უკვე წლებია ევროპაში ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს, რომ დაბრუნდნენ დროებით სამშობლოში, ან მათი შვილები ჩავიდნენ მშობლების მოსანახულებლად.

ეს არის დადებითი მხარე, ხოლო უარყოფითი მხარე ის იქნება, თუკი ევროპაში არალეგალად მცხოვრებ ქართველებს გაადეპორტებენ.

8. ევროპაში დარჩენის ხშირი მიზეზი არის ის, რომ ადამიანებმა ვინც საკუთარ სამშობლოში სამსახუხი ვერ ნახეს, ევროპაში ცდილობენ რაიმე მოიძიონ, იშრომონ და საკუთარ ოჯახებს დაეხმარონ. ეს არის ყველაზე ხშირი შემთხვევა, თუმცა არის ასვე ისეთი მაგალითები, როდესაც ევროპაში განათლების მისაღებად მიდიხარ და წლები რჩები. მე მაგისტრატურა ევროპაში დავამთავრე და ვამაყობ, რომ ევროპული განათლება მაქვს მიღებული. ვთვლი, რომ ყველა ახალგაზრდისთვის არის საჭირო ევროპაში განათლების მიღება. ადვილი არაფერია, ზევითაც ვთქვი, თუმცა თუ მოიწადინებენ, ყველაფერი გამოგივა.

9. მიგრაცია შემცირდება მაშინ, თუკი საქართველოს ეკონომიკა განვითარდება, ქვეყანაში ფული გაჩნდება, მცირე, საშუალო ბიზნესს მთავრობა ხელს შეუწყობს, ახალგზარდებს დიდი იდეებით არ დაბლოკავენ და უფრო მეტად ლიბერალები იქნებიან. მეშნია იმის, რომ ვაითუ ქართველებმა კანონი არ დაიცვან და 90 დღის შემდეგაც დარჩნენ. ნუ, მოკლედ ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენს ეს შევძელით.

10. საბუთების არ მქონე ემიგრანტი ყველაზე მტად იჩაგრება სამსახურის ძებნის პროცესში, რადგან დიდი დრო დასჭირდება და იღბიალიანიც უნდა იყოს, რომ მუშაობის უფლების გარეშე დაიწყოს მუშაობა. თავიდან ყველას უჭირს, რადგან არ არის ადვილი, ზოგმა ენა არ იცის, ზოგს გამოცდილება არა აქვს. თუმცა ბოლოს თუკი დასქმდებიან, ყველაზე მოგებულები ისინი რჩებიან, რადგან საბუთების არქონის გამო "ტაქსებს" ანუ სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიან და ხშირად ლეგალ ემიგრანტებზე ნეტ ფულს არალეგალები შოულობენ. ღმერთმა ყველას შეარგოს, კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი. და მაინც, უმუშევარი არავინ დარჩება, ეს საქართველო არაა! უნდა იქონიონ დიდი მოთმინება და სულიერად გამძლეები იყვენენ.

11. არალეგალი ქალბატონებისთვის არის შემდეგი სამსახურები: მოხუცის ან ბავშვის მოვლა, სხვისი სახლების დიასახლისობა, დამლაგებლობა. იცით, შეიძლება სხვა სამსხურიც კი ნახონ, მაგალითად მიმტანი, ან სადმე მაღაზიაში იმუშაონ კონსულტანტად, ყველაფერი გამართლებაზეა, თუმცა ყველაზე მეტი ანაზღაურება მაინც მოხუცის მოვლაშია და ქართველები ჭკვიანი ხალხი ვართ, იმას ირჩევენ სადაც მეტი ანაზღაურებაა, თუმცა ზოგს საკუთარ ჯანმრთელობის ფასად უჯდება, რადგან არ არის ადვილი იმუშაო "ალცაიმერის " დაავდების მქომნე მოხუცთან, რომელიც შესაძლოა ღამეებს გათენებინებს და თავ-ბედს გაწყევლინებს. ჩემთვის ყველა ის ქალბატონი ვინც ემიგრაციაში მუშაობს გმირია და ყველას დიდი სიყვარულითა და სითობოთი მოვიკითხავ. ხოლო მათ ვისაც საბუთები აქვს, ცდლობენ ინვესტიცია სწავლაში ჩადონ, კარგი განათლება მიიღონ და პროფესიის შესაბამის სამსახურს შოულობენ. ზოგს უკვე თავისი კერძო ბიზნესი აქვს გახსნილი და მაგრად ცხოვრობს. ყველას წარმატებებს ვუსურვებ.

12. რამდენად ეხმარებიან ქართველები ერთმანეთს უცხოეთში ცოტა ჩასაღრმავებელი კითხვაა, რადგან ვერ გაიგებთ, ყველაფერი ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც გულს ამოიღებენ და მოგცემენ, ყველაფერში დაგაკვალიანებენ, გეტყვიან, მიგითითებენ, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შენ, ახალმა ჩამოსულმა ისე უნდა იწვალო, როგორც ერთ დროს მან იწვალა. ამ ბოლო კატეგროია ადამიანების დამოკიდებულება მკალვს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართველბს, ჩვენს მავნე ხასიათს. ყველას მოვუწოდებ, რომ შეძლებისდაგვარად ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი" არ იყოს, ჩვენი ცხოვრება. არსებობს სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფები, სადაც სამსახურის შესახებ ნიუსებ ვდებთ ხოლმე, თუმცა აქ, ფულია ყველაფერი და არა მგონია ვინმემ ფულის გარეშე, ვიღაცას სამსახური უშოვოს. ალბათ ერთეულებმა და ვენაცვალე მაგ ერთეულებს. ვეტყვი, რომ ძაან მაგრები არაინ. ყველაზე მეტ ფულს ქართველი აგენტები შოულობენ, რომლებიც ახალ ჩამოსულ გატყავებულ ემიგრანტებს სამსახურებში ფულს ართმევენ. სამწუხაროდ ასეთია ცოხვრება.

13. ევროპაში ქართველები ხუთშაბათობითა და კვირაობით ისვენებენ ხოლმე და ერთმანეთს ხვდებიან ქართულ ეკლესიასა და კიდევ "სალაპარაკოები" ასე უწოდებენ ადგილს, საიდანაც საქართველოში რეკავენ ხოლმე. აქ ამერიკაში კი ისეთი რეჟიმია, რომ ვერ გაიგებ, ვის როდის აქვს დასვენების დღე, ყველა თავის "პონტშია," უკაცრავად ჟარგონისთვის. თუმცა აქაც იკრიბებეიან, ყოველ კვირა, ან სადღესასწაულო დღეებში ქართულ ეკლესიებში, რაშიც ქართული ეკლესია უდაოდ დიდ როლს ასრულებს.

14. დაბრდუნებიან ისინი ვინც უკვე რაღაცა კაპიტალი დააგროვა და არ ეშინია საქართველოში ცხოვრების, ხოლო ვერ დაბრუნდებიან ისინი ვინც სამ, ოთხ ოჯახს ერთად ინახავენ. ისინი მსხვერპლად შეეწირენ საკუთარ ოჯახებს და სამწუხაროდ უკვე გააკეთეს თავიაანთი არჩევანი!

15. შორიდან სამშობლო სჩანს, უფულო, განადგურებული, მშიერი ხალხით სავსე, უმუშევრობით დმძიმებული და შურიანი. ევროპაში კი ყველაფერი ფერადია და ყველას ცხოვრება უხარია. თუმცა რაც არ უნდა იყოს მაინც სამშობლოა.

16. ყველაზე მტკივნეული და საშინელი გრძნობაა. ვხედავ კომპიუტერის ეკრაზე, როგორ გაეზარდა ჩემს შვილს ხელები, სახე, ტანი. მე კი ისევ ისეთი პატარა მეგულება, ისევ პატარა მესიზმრება სიზმრებში, ისეთი როგორც წლების წინ დედას ჩავაბარე. ეს გრძნობა მკლავს თუმცა მაინც ვაგრძელებ ცხოვრებას. ხედავ როგორ კარგავ მეგობრებს, ნათესავებს და ნელ-ნელა როგორ ყველაფერი ხდება შენთვის უცხო. როგორ მინდა რომ სქართველოში ვიცხოვრო, ჩემს შვილთან, ჩემს ერთადერთ სიყვარულთან.

17. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა რომელიც მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, დააბრუნოს, დაასაქმოს და გამოიყენოს მათი შესაძლებლობები. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების ხალხო, ყველაფერი ახალი თავიდან რთულია, მაგარამ ბოლოს ძალიან მაგარი. მიგვიღეთ, კარი გაგვიღეთ, ჩვენ ხომ თქვენი შვილები ვართ, თქვენი ნაწილები ვართ. ნუ დაიბრმავებთ თვალებს, ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე. იფიქრეთ იმაზე, რამდენი ხალგაზრდა დედა ოცნებობს საკუთარ შვილთან ერთად ცხოვრებასა და სამშობლოში დასაქმებაზე. გამოიყენეთ ეს ენერგია, ენთუზიაზმი, რომელიც უცხოეთში წვრილმანებში არ უნდა იხარჯებოდეს და სამშობლოში დიდ საქმეებს უნდა ხმარდებოდეს.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი სამშობლო მიმიღებს ასეთ განსახვავებულს, როგორიც ვარ და ჩემს ცოდნა-განათლებას, გამოცდილებასა და ენერგიას ჩემს საყვარელ ქვეყანას მოვახმარ. ჩემნაირი კი ბევრია. წარმატებები ყველას!

საუკეთესო სურვილებით,

ცისნამი საყვარლიშვილი

GET IN TOUCH WITH US

Social Icons