პირველი განშორება ერთი წლის შვილთან
- მე დავაძინებ შვილო, ეტყობა ჯერ არ ეძინება.
- არა, იყოს დედა, მინდა ჩემს კლავებში ჩაეძინოს.

მამაჩემი უკვე ავად იყო და ძალიან ვუფრთხილდებოდი, სულ იმას ვეუბნებოდი რომ ყველაფერი მაგრად იქნებოდა. ვეღარც მუშაობდა, ძალიან აწუხებდა ჯანმრთელობა. პირველად სწორედ იმ საღამოს დავინახე უსინათლო კაცის თვალებზე ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამონადენი და ჩემს თავს დღესაც ვერ ვპატიობ მის ტირილს. სულ მგონია, რომ მისი სიკვდილი ჩემი ბრალია. საშინელი დარტყმა იყო მისთვის ჩემი მარტო ყოფნა, ვერ ინელებდა ამ ამბავს, რადგან "ის" ძალიან უყვარდა. აღარ იყო ძლიერი ვანო, რომელსაც მთელი კახეთი და ნახევარი საქრთველო პატივს სცემდა. საკმაოდ გაეტეხა ავადმყოფობას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიყვარდა, სულ სახეს და თვალებს ვუკოცნიდი ხოლმე.
რა იყოთ ხალხო, ჯარში კი არ მაგზავნით, სასწავლებლად მივდივარ, თან ვიმუშავებ, ფულს გამოვგზავნი და როგორც ყოველთვის, ყველაფერი მაგრად იქნება. მოკლედ, უკვე იმდენჯერ ვიმეორებდი ამ სიტყვებს რომ ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა.
მაინც არ ჩაეძინა იკას. იმ საღამოს ხელებგაშლილმა გამაცილა. მივდიოდი და უკან მომდევდა. სიარული ახალი დაწყებული ჰქონდა და ასე ხელებს წინ წევდა, თითქოს რაღაცას გრძობდა და იმ თვალებით მეუბნებოდა. დედა, არ წახვიდე, შენთან მინდა, მარტო არ დამტოვო. ეს ეპიზოდი არასდროს არ ამომდის თვალებიდან და უკვე რამდენი წელია, მთელი ცხოვრება მტანჯავს. რამ გამაბედინა, განა რა ძალამ გამარისკინა 1 წლის ბავშვის დედასთან დატოვება. ღმერთო ახლა რომ ვუფიქრდები, ტაო მაყრის და ერთიანად მაკანკალებს. ეს მე გავრისკე? მე გავაკეთე? ჩემი პატარა იკაკო, დედიკოს სიყვარული. მაპატიე შვილო რა. სიტყვებით ვერ ავღწერ რას განვიცდიდი. თვალები მებლანდება და წერითაც ვერ ვწერ. მხოლოდ გულმა იცის თუ რამხელა ტკივილს ვატარებ. უბრალოდ მაგრად ვთამაშობდი, ყველას ვაჩვენებდი რომ მაგარი გოგო ვიყავი, დედა, თურმე როგორ მიხაროდა საზღვარგარეთ წასვლა, უჰ, ლა, ლა.... რა მაგარია ახალი ცხოვრების დაწყება. არადა ჩემს გულში რამხელა ტკივილი ტრიალებდა ვერავინ ხედავდა.
უნდა გავცილებოდი აქაურობას, გავმქრალიყავი შორს, უნდა მებრძოლა, უნდა მეშრომა, უნდა შემექმნა, უნდა შევმდგარიყავი პიროვნებად. "ის" კი იდგა და ტელევიზორში "ყელყელაობდა".
ცხოვრება რისკია.
იკას როგორც იქნა ჩაეძინა. ნამტირალავი მშობლები დავტოვე სახლში. აეროპორტში რამოდენიმე ჩემს მეგობართან ერთად წავედი და ბოლოს ტრამპზე მარტოები ვიდექით მე და ჩემი წითელი ჩემოდანი!