
პატარა წითელთმიანი გოგონა, პატარა სოფლიდან საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავიდა, სადაც სწავლობდა, მუშაობდა და სულ რაღაც 16 წლის ასაკში ინვალიდ გამზრდელ მშობლებს არჩენდა. საკმაოდ წარმატებული სტუდენტური წლები გაატარა და ბევრი ღირსეული მეგობარი შეიძინა.
წითელთმიან "ტიკტიკა" გოგონას, ასე უწოდებდა მას მისი მეუღლე, მოულოდნელად პირველი სიყვარული ეწვია და უფრო წითელი გახადა მისი ისედაც წითელი თმები და ლოყები. მალე პირველი სიყვარულის ნაყოფიც გაჩნდა, ამ ქვეყნად და უფრო გააბედნიერა გოგონა. თუმცა ბოროტმა, კუდიანმა დედამთილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბედნიერება დაენგრია. მას არასდროს მოსწონდა წითელთმიანი გოგონა, "ყივჩაღს" ეძახდა ნაშვილები რომ იყო და ამ ავი სიტყვებით მას სულიერად ანადგურებდა. "შემომივარდა ყივჩაღიო". პატარა გოგონა ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. გადაწყვიტა გამჩენი დედა მოეძებნა და გაეგო, რომ ნამდვილად ყივჩაღი არ იყო. დედა საკმაოდ წარმატებული ქალბატონი აღმოჩნდა, თუმცა მან წითელთმიან გოგონასთან ურთიერთობა არ მოინდომა და არც კი ჩაეხუტა.
ამასობაში სიბოროტემ გაიმარჯვა და პირველმა სიყვარულმა ორი თვის პატარა შვილით მარტო დატოვა გოგონა. წითელთმიან გოგონას შიშისგან წითელი თმები სულ გაუთეთრდა, ბევრს ტიროდა, არ იცოდა რა ექნა. ამ დროს მისი საყვარელი გამზრდელი მამა დაიღუპა და ამ დანაკარგმა სულმთლად გაანადგურა. პატარა ბავშვით ხელში სამშობლოში სამსახური ვეღარ ნახა, სხვა გზა არ ჰქონდა, აიკიდა გუდა-ნაბადი, ადგა და სამუშაოს საძებნელად უცხო ქვეყანაში წავიდა, ისერომ ერთადერთი სისხლისა და ხორცის დატოვება მოუწია. წლების განმავლობაში ბევრი იშრომა, ფეხზე დადგა, საზღვარგარეთ განათლება მიიღო, საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა და მაშინ როცა საკუთარ შვილთან დაბრუნებას აპირებდა, სრულიად შემთხვევით ერთ ლამაზ, დიდ ბარონს გადაეყარა, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა წითელი გოგონა. წითელთმიან გოგონასაც დიდ ხნის მერე ვეებერთელა სიყვარული ეწვია და ამ სიყვარულმა ისევ გაუწითლა თმები, მისი ლოყებიც აღაჟღაჟდნენ.
წითელთმიანი გოგონა საერთაშორისო კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ბოროტმა ძალამ მიღებული ტიტული ჩამოართვა, თუმცა როგორც ყველაფრის ბოლო კეთილია, ცხოვრებამ მას ყველაზე დიდი ტიტული არგუნა, რომელიც სიკვდილის მერეც მისი იქნება. წითელთმიანი, სოფლელი, პატარა გოგონა "ბარონესა" გახდა და ყველაზე ბედნიერია ამ ქვეყნად. მისი მეუღლე - ბარონი მას ხელისგულზე ატარებს, მიიღო ისეთივე გულგატეხილი, სევდიანი, კეთილი და ყველანაირი სიყვარული ერთიანად მისცა, რაც კი აქამდე აკლდა. ცხოვრობს ახლა სამყაროს ცენტრში, უალამზესს სასახლეში წითელთმიანი გოგონა და არაფერი ადარდებს. სულ მალე მას წითელქოჩრიანი პრინცები ეყოლება და სასახლეს უფრო მეტი სიყვარულიით აავსებენ. მისი პირველი სიყვარულის ნაყოფი კი მისკენ ეშურება და დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ დედას გულში ჩაიკრავს.
წითელთმიანი გოგონა და მისი "მზეჭაბუკი", ასე ეძახის გოგონა თავის ბარონს, რადგან ძალიან მაღალი, დიდმხარბეჭიანი და ლამაზია, ერთმანეთით ტკბებიან, ბედნიერად აჭენებენ ყოველ უქმეებზე თავიაანთ ცხენებს, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე და მადლობას უხდიან უფალს ყოველი დღისთვის. ახლა, წითელთმიან გოგონას ყევლაფერი აქვს, მას არაფრის და არავისი არ ეშინია. უკვე გაიზარდა და პატარა აღარ არის. მისი ცარიელი გული სიყვარულმა ამოავსო და ბედნიერებისგან ცაში დაფრინავს.
როგორც იმ გამონათქვამშია, "ობლის კვერი ცხვა, ცხვა, გვიან გამოცხვა, მაგრამ კარგად გამოცხვაო"
ლხინი იქა - ლხინი აქა, ბედნიერება ყველას.
P.S. თუ გინდათ რომ ყველაფერი კარგი თქვენს ცხოვრებაშიც მოხდეს, ნურასოდეს შეგშურდებათ სხვისი და ნუ გააკეთებთ ბოროტებას, რადგან ეგ ბოროტება, ისევ თქვენ, უკან დაგიბრუნდებათ და ბოლოს მაინც სიკეთე გაიმარჯვებს.