სკაიპის დედა
მე მუშაობასა და სწავლაში ვატარებდი დღეებს, იკა კი იზრდებოდა უჩემოდ. სკაიპში კი ვხედავდი, მაგრამ აშკარა იყო რომ არ ვაინტერესებდი. სულ აღარ ახსოვდა ვინ იყო დედა, ვინ გააჩინა, ვინ აწოვა წელიწადი ძუძუ, ვის ეწვინა მკლავებზე, ვინ უმღეროდა "იავნანას", ვინ ეფერებოდა თითებით, ლამაზ, პატარა სახეზე, ვინ უცინოდა, ვინ იკრავდა გულში და ვის უყვარდა ყველაზე მეტად. უზომოდ მტკიოდა გულის რაღაცა ნაწილი, აი ისე მტკიოდა, რომ ზოგჯერ სუნთქვასაც კი მიშლიდა.
- დედა, იკა, აბა თქვი დე-და..... დე-და..... ვეხვეწებოდი სკაიპში ცრემლიანი თვალებით.

იქიდან დედაჩემი ეუბნებოდა.
- ირაკლი, აი შენი დედიკო, ესაა დედა ბე.
იკას დედა აღარ აინტერესებდა. მისთვის დედა ის იყო ვინც ზრდიდა და მე გაუთავებლად ვეჭვიანობდი დედაჩემზე.
იკა დედას სკაიპით იცნობდა მამას კი ტელევიზორით. ორი თვის იყო, როდესაც მამამისმა მიმატოვა და ორი წლის ისე გახდა ბავშვი რომ ნანახი არ ჰყავდა. ტელევიზორში რომ გამოჩნდებოდა ეუბნებოდნენ, აი ირაკლი მამაშენი, კომპიუტერი ეკრანზე კი, აი, ირაკლი დედაშენი.
ოხ, მაპატიე შვილო, მაპატიე. ღმერთმს იცის თუ როგორი ცხოვრება მინდოდა შენთვის, თუ როგორ ვოცნებობდი ტკბილ ოჯახზე, მარადიულ სიყვარულზე, ბედნიერებაზე. მე მაპატიე იკა, მე.
დედაჩემი ჩემი ქორწილის ვიდეოს ხშირად აჩვენებდა ბავშვს და ეუბნებოდა, დედა და მამიკო მუშაობს იმისთვის, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს. არადა მხოლოდ დედა მუშაობდა იმისთვის, რომ ყოველ თვე ფული გაეგზავნა და იკას არაფერი მოჰკლებოდა.
მე ისევ ვუმღეროდი სკაიპში, ხან "იავნანას", ხან ჩვენ საყვარელ სიმღერას. "იკი კი, კვა, კვა, კვა, კი, კი, რი, კი, კი, კო, კო, კო. ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენ არ ვუნდოდით, თუ რატომ დღემდე არ ვიცი.