არც ისე ადვილია სოფელში რაიმეს კეთება. ჩემს დროს გაზი შემოყვანილი არ იყო, ან დიდი გაზის ბალონზე უნდა გვეკეთებინა, ან სათონეში, წინ, დიდი ცეცხლი უნდა დაგვენთო. :)))) ეგ საქმე მე მევალებოდა ხოლმე. გავიქცეოდი უკანა ეზოში, შემოვურბენდი ხეებს, ვაგროვებდი გამხმარ ტოტებს, ძველ კუნძებს, მომქონდა და ისეთ ცეცხლს ვანთებდი, რომ ალი ცას სწვდებოდა. ( ვხუმრობ, უფრო სწორედ ვცდილობ მხატვრულად დავწერო ).
დაკრეფილ ხეხილს, მაგალითად ატამს, კარგად ვრეცხავდი ცივ გამდინარ წყალში, რადგან დედას ბუსუსიანი ატამისთვის ხელის მოკიდება არ შეეძლო, ალერგია ჰქონდა და ჯერ კარგად უნდა გამერეცხა. მერე ზოგს ვფრცქვნიდით, ზოგს კანიანს ვაწყობდით სამლიტრიან ბანკებში. ცალკე ვაკეთებდით შაქარ-წყალს. ცივ წყალში ვყრიდით სპეციალური საზომი ჭიქით შაქარს, ვხსნიდით და ვამატებდით უკვე ბანკებში ნახევრად ჩაყილ ატამს. ზევიდან ვახურავდით სახურავს, "კრიშკას" და ვადებდით ბრტყელ სუფთა ქვას. დიდ ქვაბში ვასხამდით წყალს, ვაწყობდით სამ ან ოთხ სამლიტრიან ბანკას და ვდგამდით ცეცხლზე. ვადუღებდით მანამდე სანამ ყველა ატამი ძირიდან ზევით არ ამოიწევდა. ყველაზე რთული ის მომენტი იყო, როდესაც ცხელი ბანკა ისე უნდა ამოგედგა ქვაბიდან, რომ სახურავი არ მოგეხადა და შიგ ჰაერი არ შეპარულიყო. მერე ვხუთავდით სახურავს, სპეციალური სახურავი მანქანით და ცივ მიწაზე ვაწყობდით მარანში.
ეს მხოლოდ კომპოტი, ასევე მეხერხებოდა ყველა სახის მურაბის კეთება, საზამთროსი, კაკლის, ხილის და რასაც ყველაზე დიდი დრო მიაქვს, ტყემლის და პამიდვრის საწებლის მომზადება.
ვიღაცას ეწერა პოსტი, ატმის მურაბის გამკეთებელს ვეძებო და უცებ ეს ყველაფერი ამომიტივტივდა, გონებაში. მაგრად მიხარია, რომ ჩემებმა ყველა სახის საქმეს მიმაჩვიეს, ბავშვობიდან და საკმაოდ ყოჩაღი ბავშვი ვიყავი.
მინდა, ამ ყველაფერს სულ მალე ჩემი ოჯახისთვის ვამზადებდე და თან მაგრად ვერთობოდე.
ყველაფერი მაგრად იქნება.
სიყვარულით,
ცისნამი